X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

მთავრობა რეგიონების განახლებისთვის ახალ 4 წლიან პროგრამას იწყებს

26 აპრილი 2021

საქართველოს მთავრობამ ახალი 4 წლიანი სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონები“ დაამტკიცა, რომლის მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია. 

პროგრამა მოიცავს საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს და ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლების მიზნით, სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას.

„განახლებული რეგიონების“ პროგრამით დაფინანსდება ისეთი ტიპის პროექტები, როგორებიცაა: მნიშვნელოვანი კულტურული თუ ისტორიული მემკვიდრეობის ობიექტების რეაბილიტაცია; მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრების  რეაბილიტაცია; რეკრეაციული სივრცეების მოწყობა და რეკრეაციულ პარკებში შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება; მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ობიექტების მშენებლობა; ქალაქების, კურორტებისა და დასახლებების ურბანული განახლების საპროექტო  დოკუმენტების შემუშავება. 

პროგრამით დასაფინანსებელ პროექტებს შეარჩევს სპეციალურად შექმნილი კომისია, რომლის შემადგენლობაში იქნებიან ცენტრალური და ადგილობრივი ხელსუფლების წარმომადგენლები. კომისია, ასევე, კოორდინირებას გაუწევს შერჩეული პროექტების მიმდინარეობასა და შესრულებას. 

პროექტები განხორციელდება როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, ისე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ფინანსური მხარდაჭერით. 

პროექტების შესარჩევად კონკურსები და ტენდერები აპრილშივე გამოცხადდება.  შერჩეულ პროექტებს განახორციელებენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს „მუნიციპალური განვითარების ფონდი“ და მუნიციპალიტეტები.

პროგრამის მიზანი ქვეყნის რეგიონებში ადგილობრივი მოსახლეობისათვის სოციალური გარემოს გაუმჯობესება და ტურისტულად საინტერესო ახალი მიზიდულობის ცენტრების გაჩენაა. ყველა ის პროექტი, რომელიც პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ხელს შეუწყობს თითოეული მუნიციპალიტეტის თუ რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობის გაჯანსაღებას, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და მოსახლეობას მისცემს ახალ შესაძლებლობებს.